რა არის ESDS?

საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს საფინანსო სექტორში E-ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის შექმნას, რომელიც წარმოდგენილია ESDS პორტალის სახით. ESDS წარმოადგენს ტექნიკურ შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საფინანსო სექტორში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სტანდარტიზაცია, ისე რომ გარანტირებული იქნეს დოკუმენტზე წვდომის დაცულობა და სანდოობა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ფინანსური სექტორის რეგულატორი და დოკუმენტბრუნვის პორტალის ინიციატორი განსაზღვრავს ESDS მოდელს, უსაფრთხოების დონეს, ESDS მონაწილე მხარეების დაშვების პრინციპს, იმ დოკუმენტის იურიდიულ და ტექნიკურ მოდელს, რომლის მიღება შესაძლებელია ამ პორტალიდან და ელექტრონულ დოკუმენტზე გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის ტიპს და ამ უკანასკნელის უსაფრთხოების დონეს. ამასთანავე, ფინანსური სექტორის სტაბილურობაზე პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს ESDS-ის გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგს.

 

ESDS წარმოადგენს ვებ-სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს საფინანსო სექტორში შექმნილი ელექტრონული დოკუმენტის დაცულ ონლაინ წვდომას, როდესაც საფინანსო ინსტიტუტის მიერ „დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირისთვის“ ელექტრონული დოკუმენტის მიწოდება ხორციელდება პირდაპირი და უსაფრთხო კავშირით.

 

E–Signed Docflow System–ის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული დოკუმენტის მიღება განხორციელდეს დოკუმენტის გამგზავნსა და მიმღებს შორის უშუალოდ, ნებისმიერი მესამე მხარის გარეშე.

 

ასევე, ESDS-ის საშუალებით შესაძლებელია წვდომა მხოლოდ და მხოლოდ იმ ელექტრონულ დოკუმენტზე, რომელზეც ხელმოწერა შესრულებულია ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული და დამტკიცებული ტექნიკური მოდელის და უსაფრთხოების დონის შესაბამისად.

 

ESDS უზრუნველყოფს ცალკეული დოკუმენტის მიღების შესაძლებლობას როგორც უშუალოდ ხელმომწერისთვის, ასევე მის მიერ დასახელებული მესამე პირისთვის, რომელიც ხელმომწერთან ერთდ განიხილება როგორც „დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირად“.